ქართული ფეხბურთის ქომაგებს ეცოდინებათ, რომ წყალტუბოს „სამგურალს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. უფრო სწორად სოსო ფრუიძე წყალტუბოელებისთვის უცხო კაცი ნამდვილად არ გახლავთ. მას „სამგულარში“ ადრეც უმუშავია და საკმაო ხნიანი განშორების შემდეგ, ეს გამოცდილი სპეციალისტი წყალტუბოელებს კვლავ დაუბრუნდა.
დაუბრუნდა და გუნდს პირველივე მატჩში გამარჯვება მოაპოვებინა, თან მეტად პრინციპულ დაპირისპირებაში. „სამგურალმა“ იმერულ დერბიში ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
ნიშანდობლივია, რომ „ტორპედო“ მიმდინარე ეროვნული ლიგის გათამაშებაში ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჯერ მოგება არ მოუპოვებია. ამის გაკეთება ქუთათურებს დღეს შეეძლოთ, რადგან მატჩი მათთვის სასურველი სცენარით დაიწყო და ანგარიშიც გახსნეს. სტუმართაგან თავი მე-17 წუთზე ზუსტად შესრულებული პენალტით ოლეგ მამასახლისმა გამოიჩინა.
„სამგურალის“ ფეხბურთელების სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მიუხედავად გაშვებული გოლისა არ გატყდნენ და მეტოქეს იქით ორჯერ გაუტანეს. ანგარიში პირველ ტაიმშივე სერგო კუხიანიძემ გაათანაბრა, ხოლო 76-ე წუთზე დავით კირკიტაძემ პენალტით თავისიანები წინ გაიყვანა.
ამ გამარჯვებით „სამგურალს“ 9 ქულა დაუგროვდა და გასავარდნ ზონას თავი დააღწია, თუმცა ჯერ ყველაფერი წინ არის, რადგან ჩემპიონატის დასრულებამდე დიდი დროა. რაც შეეხება „ტორპედოს“, მიხეილ აშვეთიას გუნდი ღრმა კრიზისშია და 5 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა.





