სერია ა-ს მე-19 ტური „მილანისთვის“ უიღბლო გამოდგა. ზლატან იბრაგიმოვიჩი და კომპანია „სან სიროზე“ ბერგამოს „ატალანტასთან“ შერცხვნენ – 0:3.
სტუმართაგან გოლები კრისტიან რომერომ, იოსიპ ილიჩიჩმა და დუვან საპატამ გაიტანეს. წაგებით გაწბილებული იყო „მილანის“ შვედი ფორვარდი ზლატან იბრაგიმოვიჩი, რომელიც მატჩის შემდეგ, ერთ-ერთი გოლის ავტორთან, საპატასთან კონფლიქტში შევიდა.
„იცი რას გეტყვი? მე იმაზე მეტი გოლი მაქვს გატანილი, ვიდრე შენ მთელი კარიერის მანძილზე მატჩი ჩატარებული“ – შეუბღვირა ზლატანმა საპატას.
საპატამ ექსტრავაგანტულ იბრას, რომელიც აშკარად წყობიდან იყო გამოსული პასუხი არ გასცა და უჩუმრად გაეცალა.
მიმდინარე სეზონში, ზლატან იბრაგიმოვიჩის ანგარიშზე სერია ა-ში 9 მატჩში 12 გატანილი გოლია, ხოლო საპატა თავის მხრივ, 19 მატჩში 8 გოლით გამოირჩა.





