უფერულ-უმარილო გამოდგა ეროვნული ლიგის მესამე ტური. თავად განსაჯეთ, მეორე სათამაშო დღეს სამი მატჩიდან გოლი არცერთში გასულა ანუ ყველა ნულოვანი ფრით დასრულდა.
„საბურთალოსა“ და „ტორპედოს“ დაპირისპირებაში ფავორიტებათ მასპინძლები მიიჩნეოდნენ. ეს იმიტომ, რომ ბოლო პერიოდში ქუთათურების თავზე ერთი წისქვილი ქვა არ დატრიალებულა, თორემ სხვა ყველაფერი გადახდათ. ფინანსური კრიზისი, გუნდის დაშლა და ხელახლა აწყობა და ა.შ.
ამის ფონზე, „ტორპედოსთვის“ თბილისიდან წაღებული ქულა ურიგო არ უნდა იყოს, „საბურთალოსთვის“ კი ალბათ უფრო პირიქით ითქმის – ორი ქულა დაკარგეს. არადა „საბურთალომ“ ეროვნული ლიგა „ლოკომოტივის“ დამაჯერებელი დამარცხებით ყოჩაღად დაიწყო.
მატჩში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა თუ არ ჩავთვლით მეორე ტაიმში მასპინძელთაგან თორნიკე ძებნიაურის გაძევებას. აქვე ისიც ვთქვათ, რომ „ტორპედომ“ აქამდე მიჯრით ორი მატჩი წააგო და მიმდინარე სეზონში პირველი ქულა აიღო.





