ეროვნული ლიგის მე-12 ტურის პირველი სათამაშო დღე ქუთაისში დაიხურა, სადაც ადგილობრივმა „ტორპედომ“ თბილისურ „საბურთალოს“ უმასპინძლა.
რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე უშეღავათო ბრძოლა გაჩაღდა. ქუთათურთა დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე წყვილის ფავორიტად სტუმრები მიიჩნეოდნენ და მათაც სასურველ შედეგამდე სულ ცოტა დააკლდათ.
„საბურთალო“ უპირატესობასაც ფლობდა და 29-ე წუთზე დიმიტრი მანდრიჩენკოს გოლით დაწინაურდა კიდეც. გამარჯვება და 3 ქულა თითქოს გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ „ტორპედო“ ალჟირელმა ლეგიონერმა მეჰდი ბუკასმა იხსნა, რომელმაც ანგარიში 86-ე წუთზე გაათანაბრა – 1:1.
მართალია, „ტორპედომ“ არ წააგო და ქულა გადაარჩინა, თუმცა ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში კვლავ ერთადერთ გუნდად რჩება, რომელსაც ჯერ გამარჯვება არ მოუპოვებია.
„საბურთალო“ კი ახალი მწვრთნელის ხვიჩა შუბითიძის ხელში გაცილებით ყოჩაღად გამოიყურება და ზედიზედ 3 გამარჯვების შემდეგ, დღეს ქუთაისიდან ქულა წამოიღო.





