ქუთაისის „ტორპედომ“ დღეს კლუბში გიორგი არაბიძის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
23 წლის ფეხბურთელმა ქუთაისურ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, „ტორპედომ“ კი ტრანსფერში გავრცელებული ინფორმაციით 200 ათასი ევრო გადაიხადა.
გიორგი არაბიძემ კლუბთან ერთად დასახულ მიზნებზე „ტორპედოს“ პრესსამსახურთან ისაუბრა:
„ტორპედო ბევრს ნიშნავს ქართული ფეხბურთისთვის. მე შეხება არ მქონია, მაგრამ ვიცი დიდი გუნდია და სიტუაციაც კარგია. გამიხარდა, რომ აქ ვარ, რადგან ჩემთვის ეს მოტივაციაა. ხელმძღვანელობას წარმატებული პროექტის შექმნა სურს. ეს რა საკვირველია კარგი იქნება კლუბისთვისაც და ქართული ფეხბურთისთვისაც.
გულშემატკივარი უნდა ელოდოს იმას რასაც ელოდებიან, რადგან ყველანაირი პირობაა წარმატებისთვის. არიან ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ დადონ ისეთი შედეგი, რაც გულშემატკივარს და ტორპედოს სურს. მთავარი მონდომებაა.
მოტივაცია, რომელ გუნდშიც არის, ის გუნდი ყოველთვის წარმატებული იქნება. მე რასაც ვუყურებ ყველაფერი კეთდება ფეხბურთელების მხირდან, ხელმძღვანელობის მხრიდან, რომ სასურველი შედეგი დადგეს. აი ეს არის ყველაზე მაგარი საწყისი დიდი მიზნებისთვის საბრძოლველად.
ფეხბურთელების უმრავლესობას კარიერის მანძილზე ქონიათ შეხება გია ცეცაძესთან. ვფიქრობ არ გაუჭირდება მათ მწვრთნელის მითითებების გაგება. გია მაღალი დონის მწვრთელია, ყველაფერში ვენდობი. მჯერა მასთან ერთად ყველაფერი ადვილად გასაგები და გასაკეთებელი იქნება. მე პირადად გიაზე ყველაფერი დადებითის თქმა შემიძლია“, – ციტირებს 23 წლის ფეხბურთელის სიტყვებს „ტორპედოს“ Facebook-გვერდი.





