ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მეორე საშეჯიბრო დღე დასრულდა. 25 ივლისს საქართველოს სახელით ხუთმა სპორტსმენმა იასპარეზა.
ყველაზე წარმატებულად ვაჟა მარგველაშვილის გამოსვლა შეფასდა, რომელმაც ქართულ დელეგაციას პირველი მედალი მოუტანა. 27 წლის ძიუდოისტი 66 კგ წონით კატეგორიაში ფინალურ დაპირისპირებაში მასპინძელ ჰიფუმი აბესთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. ვაჟა მთელი დღის განმავლობაში დამაჯერებელი იყო და ფინალამდე სამ გამოცდილ მეტოქესაც სძლია.
კიდევ ერთმა ქართველმა ძიუდოისტმა, ამჯერად ქალებს შორის 52 კილოგრამში იასპარეზა. ტეტიანა ლევიცკა-შუკვანმა ჰაიტელ ანესტორთან გამარჯვების შემდეგ, გამოცდილ ფრანგ ამადინ ბუშართან დაპირისპირების დროს მუხლის ტრავმა მიიღო და შეჯიბრს ნაადრევად გამოეთიშა.
ნინო სალუქვაძეს სპორტული თვალსაზრისით შესაძლოა კარგი დღე არ ჰქონდა, რადგან 10-მეტრიანი პისტოლეტით სროლაში საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ დაძლია, თუმცა ლეგენდალურმა ტყვიის მსროლელმა მსოფლიო ისტორია დაწერა. 52 წლის ნინო სალუქვაძე გახდა პირველი ქალი სპორტსმენი, რომელმაც 9 ოლიმპიადაზე იასპარეზა.
ასპარეზობაში ჩვენი ძალოსნებიც ჩაერთნენ. გოგა ჩხეიძე (-61 კგ) ორჭიდის ჯამში დაგროვებული 302 კილოგრამით B ჯგუფის გამარჯვებული გახდა, რაც შეეხება შოთა მიშველიძეს, 26 წლის ქართველმა (61 კგ) ორჭიდის ჯამში დაფიქსირებული 285 კილოგრამით თავის წონით კატეგორიაში მე-7 ადგილი დაიკავა.





