როტერდამში მიმდინარე ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მიჯრით მეორე მარცხი იწვნია.
მეოთხედფინალში, ხორვატებთან დიდი ანგარიშით წაგების შემდეგ, რამაც ოლიმპიადის საგზურისკენ სავალი გზა მოგვიჭრა, ქართველ წყალბურთელებს აშკარად უხასიათობა ეტყობოდათ და მეხუთე ადგილისთვის მატჩში ნიდერლანდების გუნდთან ვერაფერი გააწყვეს.
მასპინძლები ჩვენ გუნდზე აშკარად მოტივირებულნი და შემართულნი ჩანდნენ და დამსახურებულადაც გაიმარჯვეს – 14:11.
შეგახსენებთ, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები იმ 12 გუნდში მოხვდა, რომლებიც ტოკიო 2020-ის ლიცენზიების მოსაპოვებლად ნიდერლანდებში შეიკრიბნენ. სავალი გზა და მიზნის მიღწევა რომ მარტივი არ იქნებოდა იმთავითვე ნათელი იყო, რადგან სანუკვარი ლიცენზია მხოლოდ საუკეთესო 3 გუნდს ერგება. ჩვენი გუნდი კი ჯერ საამისოდ მზად არ აღმოჩნდა.
საქართველოს ნაკრები როტერდამში ბოლო მატჩს 21 თებერვალს 7 ადგილისთვის გამართავს. მისი მეტოქე საფრანგეთის და კანადის გუნდებს შორის წაგებული იქნება.





