როდესაც ინგლისი და გერმანია თამაშობს, იქ სამყარო ჩერდება. ასე იყო ამჯერადაც. ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში, ლონდონში, „უემბლის“ სტადიონზე ინგლისის ნაკრებმა ისტორიულ მეტოქეს აჯობა, 2:0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზეც დამსახურებულად გავიდა.
რა თქმა უნდა, იმედგაცრუებულნი არიან გერმანიის ნაკრების გულშემატკივრები. განსაკუთრებით გულდაწყვეტილია თომას მიულერი, რომელსაც შესანიშნავი შანსი ჰქონდა ანგარიში გაეთანაბრებინა, თუმცა მეკარე პიკფორდთან პირისპირ გასულმა შანსი გაანიავა და ბურთი კარს ააცილა.
“სულ ის ეპიზოდი მიდგას თვალწინ, მთელი ღამე ვერ დავიძინე. მომენტი, როდესაც შენ გაქვს შანსი შენი გუნდი დააბრუნო თამაშში და მთელი საფეხბურთო ერი სიხარულის ემოციაში ამყოფო და ამ შესაძლებლობას ვერ იყენებ, გულს მტკენს. ჯანდაბა, ეს საშინელი განცდაა.
ყველას დავწყვიტე გული, ჩემს თანაგუნდელებს, მწვრთნელებს, რომლებიც მენდობოდნენ, მაგრამ ყველაზე მეტად, ვწუხვარ იმ გერმანელი გულშემატკივრის გამო, რომლებიც ამ ევროპის ჩემპიონატზე გვერდში გვედგნენ და გვგულშემატკივრობდნენ რთული თამაშების მიუხედავად. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის“ – ამბობს გერმანიის ნაკრების ვეტერანი ფორვარდი.
შეგახსენებთ, ინგლისის ნაკრები 1/4 ფინალში უკრაინას დაუპირისპირდება. მატჩი რომში გაიმართება.







