48 წლის ქართველი მწვრთნელი შოთა არველაძე რამდენიმე თურქულ კლუბს დაუკავშირეს, მედიაში დაიწერა ასევე უზბეკეთის ნაკრებში მის მიწვევაზეც. თავად შოთა არველაძე აცხადებს, რომ მოლაპარაკება რამდენიმე კლუბთან ნამდვილად ჰქონდა.
“სიმართლეს არ შეესაბამება უზბეკეთის ეროვნულ გუნდში მუშაობაზე შეთავაზების შესახებ ინფორმაცია.არ დავმალავ, მოლაპარაკებები იყო, მაგრამ ყველაფერი უშედეგოდ დასრულდა, მათ ჩემი პირობები არ აკმაყოფილებდათ, მე მათი. იყო ისეთი წინადადებები, რომლებზეც უარი ვთქვი. იყო საინტერესო ვარიანტებიც, მაგრამ მოლაპარაკების ფინალურ სტადიაზე რაღაც გვაკლდებოდა. იყო ვარიანტები ნიდერლანდებიდან, თურქეთიდან, დუბაიდან და ყატარიდან, მაგრამ დღეს არცერთ კლუბში ვმუშაობ.
ახლა ოჯახთან ერთად სტამბოლში ვცხოვრობ. ხშირად დავდივარ სტადიონზე ფეხბურთის საყურებლად. ზოგჯერ მადრიდში მივემგზავრები, როცა შესაძლებლობა მეძლევა, თბილისში ჩავდივარ, თუმცა მუდმივ საცხოვრებელ ადგილად სტამბოლი რჩება.
მიჭირს თქმა, სად გავაგრძელებ საქმიანობას. არ ვიცი, ხვალ რომელ კონტინენტზე აღმოვჩნდები. რა თქმა უნდა, თუკი ჩემზე იქნება დამოკიდებული, ევროპის რომელიმე სერიოზულ კლუბში მუშაობას ვამჯობინებ. დრო გვიჩვენებს, როგორ დასრულდება ეს ყველაფერი”, – განაცხადა არველაძემ.
შოთა არველაძე ტაშკენტის “ფახთაქორში” 2017-2020 წლებში მუშაობდა და კლუბს ჯამში 5 ტიტული მოაგებინა. მანამდე ქართველი სპეციალისტი თურქულ გუნდებს: “ქაისერისპორს’, “ქასიმპაშასა” და “ტრაბზონსპორს”, ასევე თელ ავივის “მაქაბის” წვრთნიდა.





