1976 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი, რომელიც ყოფილ იუგოსლავიაში გაიმართა არაერთი რამით იყო გამორჩეული. იმ ტურნირს ფეხბურთის სტაჟიანი ქომაგები დღემდე იხსენებენ, განსაკუთრებით ფინალში განვითარებული მოვლენების გამო.
საფეხბურთო სამყაროს არაერთი დიდებული ფეხბურთელი ახსოვს, რომლებიც მწვანე გაზონზე ისე ექსტრავაგანტულად მოქმედებებდნენ, მათზე ათეული წლების შემდეგაც ამოუწურავად საუბრობენ. ჩეხოსლოვაკიელი ფეხბურთელი ანტონინ პანენკა სამუდამოდ ჩაეწერა ისტორიაში და არა იმიტომ, რომ დიდი ვარსკვლავი იყო, არამედ მის მიერ დანერგილი პენალტის დარტყმის მანერის გამო. ალბათ გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ დღესაც, თავად პანენკაზე მეტად პოპულარული ის პენალტი და დარტმის სტილია. ისიც სათქმელია, რომ მას შემდეგ პანენკას ბევრმა სუპერვარსკვლავმა მიბაძა, თუნდაც ზინედინ ზიდანი რად ღირს, რომელმაც თერთმეტმეტრიანი იგივე სტილში 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში შეასრულა.
ანტონინ პანენკა მაშინდელი ჩეხოსლოვაკიის გმირი გახდა. გერმანიის ნაკრებთან, ევროპის ჩემპიონატის ფინალში, პენალტების სერიაში ჩეხებმა სწორედ პანენკას ამ გადამწყვეტი დარტყმით მოიგეს.
Primesport.ge აგრძელებს რუბრიკას „სპორტული მოგონებები“ და დღეს სწორედ ანტონინ პანენკას შეხვდებით.
„ეს 1976 წელს მოხდა. გერმანელებმა ანგარიში ბოლო წუთზე გაგვითანაბრეს და პენალტების სერია დაინიშნა. მე პენალტის ნიშნულთან მერვე მივედი, მანამდე 7 დარტმიდან მხოლოდ ერთმა ვერ გაიტანა – ეს გერმანელი ული ჰიონესი იყო.
ასე პენალტს არავინ ურტყამდა. მე გუნდის წამყვანი ნახევამცველი ვიყავი. შეკრებებზე, მე და ნაკრების მეკარე ხშირად ვრჩებოდით და პენალტების დარტყმაში, ის კი მოგერიებაში ვვარჯიშობდით. ეს ყველაფერი რაღაცნაირად მოსაწყენი ხდებოდა ხოლმე. ამიტომაც, ცოტა გასახალისებლად ლუდზე ან შოკოლადზე სანაძლეოს ვდებდით ხოლმე. ის ძალიან კარგი გოლკიპერი იყო და ხშირად მიღებდა. შესაბამისად ჯიბეც მიცარიელდებოდა, რადგან ხშირად მიწევდა წაგებული სანაძლეოს ჩაბარება.

ერთხელაც, მთელი ღამე იმის ფიქრში გავათენე თუ რა უნდა გამეკეთებინა. დავაკვირდი, რომ ის დარტყმის მომენტს ელოდებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ ხტებოდა. გადავწყვიტე მოდი შუაში დავურტყამთქო, ოღონდ არა პრიმიტიულად, არამედ ორიგინალურათთქო. გამორბენის შემდეგ, ოდნავ შევყოვნდი, ის გადახტა და მეც ლამაზად შევუსრულე“ – იხსენებს ჩეხთა ვეტერანი ფეხბურთელი.
ჰოდა, ადგა ანტონინ პანენკა და იმას რასაც ვარჯიშებზე ღლაბუცობდა, ევროპის ჩემპიონატის ფინალში, ლეგენდარულ გერმანელ მეკარესთან ზეპ მაიერთან გააკეთა. დიდმა ზეპმა კი ეს პირად შეურაცხყოფად მიიღო და მას შემდეგ პანენკას აღარ ელაპარაკება. ის იმდენად გაბრაზებული იყო, რომ სულაც არ ადარდებდა ევროპის ჩემპიონობის ტიტულის დაკარგვა. უბრალოდ, ვერ ეგუებოდა პანენკას მხრიდან ასეთ დამცირებას.

„პენალტების დროს, ძალიან ცოტა შანსია იმის, რომ მეკარე ადგილზე დარჩეს და რაიმე მკვეთრი მოძრაობა არ გააკეთოს. ხშირ შემთხვევაში კუთხეს ირჩევენ და იმ მიმართულებით ხტებიან. ასეთ დროს, შეგიძლია ცენტრში დაარტყა, მაგრამ ამას სტანდარტულად, ძლიერი დარტყმით თუ გააკეთებ, მეკარე მაინც აქვს შანსი გადახტომის დროს ფეხზე მოხვდეს. ამიტომაც, თუ სუსტად გაუშვებ ბურთს კარისკენ, მეკარე უკვე გადამხტარი იქნება და ვეღარანაირად მოახერხებს კარის გადარჩენას.
ზეპ მაიერმა ეს სხვანაირად გაიგო და დიდი დარტყმა მიაყენა. მას აღარ სიამოვნების ჩემი სახელის არც ხსენება და არც გაგონება. მისი სულელად გამოყვანა არც მიფიქრია. უბრალოდ, ისე შევასრულე პენალტი, როგორც საჭიროდ ჩავთვალე“ – ამბობს ანტონინ პანენკა.
ანტონი პანენკა შესაძლოა ნამდვილად არ იყოს მსოფლიოს საუკეთესო გამთამაშებელი, მაგრამ მან სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი საფეხბურთო სამყაროში.






