„ეროვნული ლიგის“ მე-19 ტურს სენსაციის გარეშე მაინც არ ჩაუვლია. ბათუმის „დინამოს“ ფრის შემდეგ, თბილისის „დინამოს“ სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადასვლის რეალური შანსი მიეცათ, თუმცა კახა ცხადაძის ფეხბურთელებმა ეს შანსი ვერ გამოიყენეს.
საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „დინამო არენაზე“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და სენსაციურად, მინიმალური სხვაობით, 1:2 დამარცხდა.
სოსო ფრუიძის გუნდმა ანგარიში პირველივე წამებზე გახსნა. 46-ე წამზე სერგო კუხიანიძის პასით ლექვთაძემ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და ანგარიში გახსნა. ცნობისთვის, „ეროვნული ლიგის“ მიმდინარე სეზონში ლექვთაძე ყველაზე სწრაფი გოლის ავტორი გახდა. წყალტუბოელებმა მე-17 წუთზე სხვაობა ორბურთამდე გაზარდეს. პაპუნა ფონიავამ მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან ჯარიმა მოიპოვა, რომელიც თავადვე შეასრულა და საკუთარი გუნდი უკვე ორი ბურთით დააწინაურა.
მეორე ტაიმში კახა ცხადაძის გუნდმა სათამაშო უპირატესობა სრულად მოიპოვა და მე-60 წუთზე სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა. დინამოელებმა მეტოქის საჯარიმოში თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც ზუსტად გიორგი გაბედავამ შეასრულა. მატჩის 67-ე წუთზე წყალტუბოელები მოედანზე კაცნაკლულნი დარჩნენ. გილმორს მატჩის არბიტრმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა. დარჩენილ დროში ცხადაძის გუნდმა „სამგურალს“ სახიფათოდ არაერთხელ შეუტია, თუმცა შეხვედრის გადარჩენა ვერ შეძლო.
ამ გამარჯვებით სოსო ფრუიძის გუნდმა 27 ქულას დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილი შეინარჩუნა. რაც შეეხება „დინამოს“, თბილისელები 38 ქულით კვლავ მეორე ადგილზე იმყოფებიან.
„სამგურალი“ მომდევნო ტურში საკუთარ მოედანზე „საბურთალოს“ შეხვდება, „დინამო“ კი ქართულ „ელ კლასიკოში“ ქუთაისში „ტორპედოს“ ესტუმრება.





