სასიხარულო ცნობა მოვიდა შვეიცარიის ქალაქ ნიონიდან, სადაც უეფას შტაბ-ბინაა განთავსებული და რომელმაც ფეხბურთის ქართველი გულშემატკივარი უნდა გააბედნიეროს. საქართველო, 2023 წელს, ფეხბურთში 21 წლამდე რიგით 24-ე ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, რაც პატარა ამბავი ნამდვილად არ გახლავთ. უფრო მეტი სიცხადისთვის ისიც ვთქვათ, რომ ჩვენი ქვეყანა ამ სერიოზული ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი იქნება რუმინეთთან ერთად.
ეს მნიშვნელოვანი და ამავდროულად საქართველოსთვის მეტად საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე იქნა მიღებული, რაც ქართულ ფეხბურთს უსათუოდ სასიკეთოდ უნდა წაადგეს.
16 ევროპული ნაკრები ოთხ ჯგუფში გადანაწილდება. თითოეული ქვეყანა ორ-ორ ჯგუფს უმასპინძლებს. ჩემპიონატის დებულების თანახმად, ორივე მასპინძელი ქვეყანა – საქართველო და რუმინეთი ფინალურ ეტაპზე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე ითამაშებს.
ევრო 2023-ის ახალგაზრდულ ნაკრებთა ფინალური მატჩი საქართველოში, ბათუმის სტადიონზე შედგება, ხოლო გახსნით მატჩს რუმინეთი უმასპინძლებს.








