“ვალენსიას” ლეგენდარულმა გოლკიპერმა სანტიაგო კანისარესმა კიდევ ერთხელ ისაუბრა კლუბის ახალწვეულ გიორგი მამარდაშვილზე და მას საქებარი სიტყვები უძღვნა.
“მე ვერ ვხედავ მიზეზს, რის გამო უნდა დადგეს ეჭვქვეშ მამარდაშვილის ადგილი სასტარტო შემადგენლობაში და მგონია, რომ რაიმეს შეცვლაზე არც მთავარი მწვრთნელი ხოსე ბორდალასი უნდა ფიქრობდეს. მამარდაშვილთან მიმართებაში მომთმენები უნდა ვიყოთ. შესაძლოა, მან შეცდომებიც დაუშვას, თუმცა, ამან არ უნდა შეგვაშინოს. ეს სრულიად ბუნებრივი რამეა. მას გაუმართლა, რომ ვალენსიაში ვარჯიში მანუელ ოჩოტორენას ხელმძღვანელობით უწევს. ის გიორგის ფიზიკურად კიდევ უფრო კარგად მოამზადებს. ოპერაცია, რომელიც მამარდაშვილთან დაკავშირებით განხორციელდა, წაუგებელია. ეს, ვალენსიას ფანტასტიური მენეჯმენტის დამსახურებაა. ნამდვილად სარფიანი გარიგებაა, რომლისთვისაც ჩემს ფულსაც კი გავიღებდი”.
შეგახსენებთ, რომ 51 წლის სანტიაგო კანისარესი “ვალენსიას” ღირსებას 1998-2008 წლებში იცავდა. მან ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში 46 მატჩი ჩაატარა. კანისარესს ლა ლიგის საუკეთესო მეკარის ტიტული 3-ჯერ აქვს მოპოვებული.
20 წლის ქართველმა მეკარემ ჩინებულად ითამაშა “ხეტაფესთან” გიორგიმ 4 სეივი მიითვალა, კარი მშრალად შეინახა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.





