ახალგაზრდა ქართველი შემტევი, გიორგი არაბიძე საქართველოში იმყოფება და ეროვნული ლიგის კლუბ „სამტრედიაში“ ვარჯიშობს. ხშირი ტრავმიანობის გამო, 23 წლის ფეხბურთელს ბოლო ორი წლის განმავლობაში დიდი დრო გაუცდა.
არაბიძე დღემდე პორტუგალიური „ნასიონალის“ საკუთრებაა და მას კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს. ბოლო სეზონში ის ვოლგოგრადის „როტორში“ იყო განათხოვრებული, თუმცა ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდებოდა.
ფეხბურთელი ღიად აცხადებს, რომ პორტუგალიის ჩემპიონატში დაბრუნება არ სურს და დიდი შანსია მომავალ წელს თავისუფალი აგენტი გახდეს. სანაცვლოდ კი „სამტრედიას“ ხელმძღვანელობა და მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე არაბიძეს საქართველოს ჩემპიონატში დარჩენას სთავაზობს. გავრცელებული ინფორმაციით, იმერული კლუბის ხელმძღვანელები „ნასიონალთან“ მოლაპარაკებებსაც მართავენ და დიდი შანსია უახლოეს პერიოდში არაბიძე „სამტრედიის“ რიგებს შეუერთდეს.





