ეროვნული ლიგის მე-18 ტურში ზაზა ბენდელიანის სახელობის სტადიონზე “საბურთალომ” “სამტრედია” მიიღო და დამაჯერებლად 4:0 დაამარცხა.
შეხვედრის პირველ ტაიმში თბილისური კლუბი ძალიან აქტიური იყო და ამ აქტიურობას მე-17 წუთზე გიორგაძის ავტო-გოლი მოყვა. “საბურთალო” ზეწოლას განაგრძობდა და ტაიმის მიწურულს ტაბატაძის მშვენიერ გადაცემას გოჩოლეიშვილი გამოეხმაურა და სხვაობა 2-მდე გაზარდა.
ხვიჩა შუბითიძის გუნდი დომინანტი იყო მე-2 ტაიმშიც. 83-ე წუთზე ლაცაბიძის დაბალი გადაცემის შემდეგ, ნონიკაშვილმა საჯარიმოს გარედან შორეულ ცხრიანში მშვენიერი გოლი გაიტანა. საბოლოო წერტილი შეხვედრის 91-ე წუთზე აკაკი შულაიას საგოლე პასით ოგაგა ოდუკომ დასვა.
გია ცეცაძის გუნდი ამ მარცხით მე-10 ადგილს იკავებს და მე-9 ადგილოსან თელავთან 2 ქულა აშორებს, რაც შეეხება “საბურთალოს”, თბილისური გუნდი ამ გამარჯვებით მე-3 ადგილს იკავებს და კონფერენც ლიგის საგზურისთვის ბრძოლას განაგრძობს.
“სამტრედია” შემდეგ ტურში კახეთში “თელავს” ესტუმრება და სატურნირო ცხრილში დაწინაურებას ეცდება, რაც შეეხება ხვიჩა შუბითიძის გუნდს, ისინი მომდევნო ტურში თბილისურ დერბიში “ლოკომოტივს” დაუპირისპირდებიან.





