ეროვნული ლიგის მე-16 ტურში, რომელიც სანაკრებოს პაუზის შემდეგ განახლდა თბილისის „საბურთალომ“ ხმაურიანი და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
თბილისურმა კლუბმა შინაურ არენაზე საკმაოდ ყოჩაღი და კერკეტი კაკალი გორის „დილა“ მიიღო და თავბედიც აწყევლინა.
გორელები ეროვნული ლიგის პაუზას საკმაოდ კარგ ხასიათზე შეხვდნენ, რადგან თბილისის „დინამოსთან“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს და მესამე ადგილზე დამკვიდრნენ. როგორც ჩანს, „დილას“ შესვენებამ არ არგო და „საბურთალოსგანაც“ მწარე ალიყური იწვნიეს.
თბილისელებმა მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს, როდესაც მეტოქეს 3 გოლი გაუტანეს. თავი კენიელმა ლეგიონერმა ალვინ ტერამ და მოლდოველმა ფეხბურთელმა დიმიტრი მანდრიჩენკომ გამოიჩინეს. ამ უკანასკნელმა სულაც დუბლი გაიფორმა.
ქვა აღმართში დაეწიაო ისე იყო გორელთა საქმე, როდესაც მატჩის მიწურულს სულაც კაცნაკლულნი დარჩნენ. მსაჯმა მოედნიდან „დილას“ კენიელი ლეგიონერი ამოს ნორდი გააძევა.
ამრიგად, „საბურთალომ“ 3:0 იმარჯვა და სატურნირო ცხრილშიც 27 ქულით მესამე ადგილზე გადაინაცვლა, „დილა“ კი 25 ქულით მეოთხეზე ჩამოქვეითდა.





