საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის რუბინის შემტევს, ხვიჩა კვარაცხელიას რუსულ პრესაში აკრიტიკებენ.
Championat.ru-მ ქართველი ფეხბურთელი ბოლოდროინდელ თამაშს სპეციალური სტატია მიუძღვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ხვიჩასა ლეონიდ სლუცკის ურთიერთობა აერიათ, მიზეზი კი ბოლო ტურში, კვარაცხელიას მიერ არასზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანი გახდა.
„კვარაცხელიამ ნიჟნი ნოვგოროდის წინააღმდეგ თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება დრეიერს არ მისცა, თავად კი დარტყმა არაზუსტად შეასრულა. ქართველი ფეხბურთელის შეცდომა ყაზანელებს ძვირად დაუჯდათ.
რუბინში მდგომარეობა იმაზე რთულია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ბოლო ტურში სლუცკიმ კვარაცხელია სათადარიგოზე დატოვა, რის გამოც მათ შორის ურთიერთობა აირია.
ხვიჩა ევროპაში ჩაშლილი ტრანსფერის გამო ფსიქოლოგიურად განადგურებულია და საუკეთესო თვისებების გამოვლენას ვეღარ ახერხებს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე კი კიდევ დიდი დროა დარჩენილი“, – ნათქვამია სტატიაში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრემიერ ლიგის ბოლო ტურში ყაზანის „რუბინმა“ საკუთარ მოედანზე „ნიჟნი ნოვგოროდს“ უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, 0:1 დამარცხდა. შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტის გამოყენება ვერ შეძლო. აღნიშნული ეპიზოდის დროს ანგარიში 0:0 იყო.








