რევაზ ჩელებაძის წარდგენა ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს რა თქმა უნდა არ სჭირდება. თბილისის „დინამოს“ იმ დიდებული გუნდის წევრი, რომელსაც საბჭოთა კავშირის ნაკრებშიც ხშირად იძახებდნენ, მეტოქის დაცვას და მეკარეს მუდამ აწიოკებდა. ცალკე აღნიშვნის ღირსია „ჩელეს“ პენალტების დარტყმის სტილი, რომელზეც დღემდე ლეგენდები დადის.
ქართული ფეხბურთის გამორჩეული ვეტერანი გადაცემა „ტაიმაუტის“ სტუმარი იყო, სადაც ეროვნული ნაკრების მოახლოებულ მატჩებზე ისაუბრა.
„ჯერ იმას ვიტყვი, რომ ასეთი დიდი შეცდომა, რაც ჩრდ.მაკედონიასთან 12 ნოემბერს დავუშვით უპატიებელია. მეთორმეტე მოთამაშის ანუ გულშემატკივრობის შანსი არ გამოვიყენეთ. ხვიჩა კვარაცხელიას ამბავი კიდევ ცალკე შოკი იყო.
რაც შეეხება მოახლოებულ შესარჩევი ეტაპის მატჩებს, გამოგიტყდებით და ეჭვის თვალით ვუყურებ და უიმედოდ ვარ, მაგრამ ბუნებრივია დიდი სურვილი მაქვს ჩვენთვის ყველაფერი სასიკეთოდ დასრულდეს. კვარაცხელია ჩვენი ოქროს ბიჭია. ვინმესი თუ გვეიმედება, პირველ რიგში ალბათ მისი. ძალიან მაგარი იქნება თუ შვედებთან ხვიჩას ბენეფისი იქნება.
გინდა თუ არა გადი და შვედეთს სტოქჰოლმში მოუგე არაპროფესიონალური საუბარი იქნება. აბა შვედეთის ნაკრებთან და თანაც მათ მოედანზე უპირობო გამარჯვებას ვინ დადგეგმავს? ჩვენ კი არა ტოპ ნაკრებები ვერ გაბედავენ ამის თქმას.
გული მისკდება გიორგი ჩაკვეტაძეს რომ ვუყურებ. იმედია ეს უიღბლო პერიოდი მალე წარსულს ჩაბარდება და ისიც ძველებურად ათამაშდება. ძალიან რთული 3 მატჩი გველის. ახალ მწვრთნელზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. როგორ კომპლეტაციას გააკეთებს. ტოპ ჩემპიონატშიც რომ არ გვყავს ფეხბურთელი ეგეც დიდი უბედურება და პრობლემაა“ – აღნიშნავს რევაზ ჩელებაძე.








