ქუთაისის „ტორპედოს“ ხელმძღვანელობა გუნდის გარშემო შექმნილი მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ კლუბის მესვეურები რადიკალური ცხვლილებების განხორციელებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ.
„საფეხბურთო კლუბ, ქუთაისის „ტორპედოს“ ხელმძღვანელობა, მიზანშეწონილად მიიჩნევს დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია და მოსაზრება, ეროვნული ჩემპიონატის პირველ 3 ტურში, გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგების გამო, გულშემატკივართა მხრიდან გამოთქმული უკმაყოფილების შესახებ.
„ტორპედოს“ ერთგული გულშემატკივარი, გუნდისგან ყოველთვის მაღალი თამაშის ხარისხსა და შედეგს მოითხოვს, რომელიც კლუბის მოთხოვნის ანალოგიურია. მივიჩნევთ, რომ გუნდის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე და ფაქტებზე გააზრებული და არა ნაჩქარევი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული.
ყველა ერთხმად ვთანხმდებით, რომ ჩატარებულ სამ შეხვედრაში მოპოვებული მხოლოდ ერთი გამარჯვება არ არის დამაკმაყოფილებელი შედეგი, თუმცა მთელი რიგი მიზეზების გამო ამ ეტაპზე რადიკალური საკადრო ცვლილებების განხორციელებისგან თავს ვიკავებთ. ვთვლით, რომ ჩემპიონატის საწყის ეტაპზე მყოფი გუნდისთვის, რომელიც შეთამაშების სტადიაზეა საუკეთესო გამოსავლი არ იქნება ცვლილებები.
დღეს, „ტორპედო“ ახალი ხელმძღვანელობით, ახალი მწვრთნელებითა და ახალი ფეხბურთელებით, შენების პროცესის საწყის ეტაპზეა და ყველაზე მეტად გუნდს ახლა სჭირდება გვერდში დგომა, რომელიც გულშემატკივართა მხრიდან ტორპედოელებს არასოდეს მოკლებიათ“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის ახალი სეზონის დაწყებიდან „ტორპედომ“ 3 შეხვედრა გამართა, საიდანაც ორში დამარცხდა, ერთში კი გაიმარჯვა. გია ცეცაძის გუნდი სამი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე, გასავრდნ ზონაში იმყოფება, რამაც გულშემატკივრების უკმაყოფილება გამოიწვია. ქუთაისელები ეროვნულ ლიგაში მომდევნო შეხვედრას 13 მარტს, საკუთარ მოედნზე თბილისის „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ გამართავენ.





