ეროვნული ლიგის პლეი-ოფის მატჩში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ქუთაისის “ტორპედომ” მარტვილის “მერანს” უმასპინძლა და ანგარიშით 3:0 დაამარცხა. იმერულმა გუნდმა ამ გამარჯვებით ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.
შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში მარტვილში მეგრელებმა მეტოქე 2:0 დაამარცხეს და ქუთაისში დიდი უპირატესობით ჩავიდნენ.
შეხვედრის 64-ე წუთზე მათე ცინცაძემ ანგარიში გახსნა და ქუთაისელები დააწინაურა, ყველაფერი მარტვილელთა სასიკეთოთ მიდიოდა, თუმცა მატჩის 87-ე წუთზე ქუთაისური გუნდის ზიმბაბველმა ლეგიონერმა ალეკ მუდიმუმ მეორე გოლი გაიტანა და იმერულ გუნდს ეროვნულ ლიგაში დარჩენის შანსი დაუტოვა.
აღნიშნულ შეხვედრაში დამატებითი წუთები დაინიშნა. მატჩის 102-ე წუთზე თორნიკე ახვლედიანი ქუთაისელ ქომაგს გმირად მოევლინა, 27 წლის ფეხბურთელმა “ტორპედო” ორი მატჩის ჯამში წინ გაიყვანა და ეროვნულ ლიგაში ადგილი შეუნარჩუნა.
მარტვილის “მერანი” მომავალ სეზონში ასპარეზობას ეროვნულ ლიგა 2-ში გააგრძელებს და ქვეყნის უმაღლეს ჩემპიონატში აღზევებას შეეცდება.
მეორე პლეი-ოფის შეხვედრაში გაგრამ იმარჯვა და 8-წლიანი პაუზის შემდეგ გაგა კირკიტაძის გაწვრთნილი გუნდი ეროვნულ ლიგაში იასპარეზებს.
ქუთაისის “ტორპედომ” რეგულარული სეზონი ეროვნულ ლიგაში მე-8 ადგილზე დაასრულა, კლუბში ბევრი ცვლილება მოხდა, ამ გამარჯვებით ეს მეტად ისტორიული კლუბი საქართველოს ჩემპიონატში წარმატების მიღწევას და თავისი გულშემატკივრების გახარებას შეეცდება.





