მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საგაზაფხულო სესია დასრულებულია. საქართველოს ნაკრებს მიჯრით სამი მატჩის გამართვა მოუხდა, რომელთაგან ვერცერთი მოიგო. ვილი სანიოლის გუნდმა მესამე ტურში სალონიკში საბერძნეთის წინააღმდეგ ფრედ – 1:1 ითამაშა.
ელადელებმა კი ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით დაასრულეს. საბერძნეთის ნაკრები ესპანეთთან და საქართველოსთან დაზავდა.
მატჩის შემდეგ ბერძენთა ჰოლანდიელი მწვრთნელი ჯონ ვან სჰიპი ოდნავ ნირწამხდარი ჩანდა.
„რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი გამარჯვება იყო, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. ამ ფრით მთავარი მიზნისთვის ბრძოლა გაგვირთულდა. დღეს კარგ გუნდს ვეთამაშეთ, რომელსაც არც წინა ორ მატჩში დაუტოვებია ცუდი შთაბეჭდილება.
საქართველოს ნაკრებმა არ მოგვცა იმის შესაძლებლობა ის თამაში გვეჩვენებინა, რაც ვიცით და 3 ქულისთვის იქნებოდა საკმარისი. ვფიქრობ, ერთი ქულა კი არ მოვიპოვეთ, არამედ ორი დავკარგეთ.
ესპანეთთან თამაშის შემდეგ დასასვენებლად და ძალების აღსადგენად საკმარისი დრო გვქონდა. მეტოქეს კი ამის ფუფუნება არ ჰქონია. ამიტომაც დამწყდა გული ამ ფრეზე.
გოლის ეპიზოდში საქართველოს ნაკრებმა ჩვენი დატოვებული სივრცეებით კარგად და სწრაფად ისარგებლა. მათ ეს შანსი გამოიყენეს.
როგორც უკვე ავღნიშნე, ჩვენი ამოცანა საკმაოდ გართულდა, მაგრამ წინ კიდევ ბევრი მატჩია და დაველოდოთ სექტემბერს“ – აღნიშნა ბერძენთა დამრიგებელმა.





