ნიჭიერი ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი ამ ზაფხულს შესაძლოა ესპანეთში გადაბარგდეს. თბილისის „დინამოს“ კიპერს, რომელიც იჯარის წესით „ლოკომოტივშია“ განათხოვრებული, როგორც ჩანს „ვალენსია“ აკვირდება.
ინფორმაციას ერთ-ერთი ესპანური გამოცემა lavozdelpuchades აქვეყნებს. „ღამურები“ მომავალი სეზონიდან შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავენ და ამ საქმეს მეკარის შეძენით იწყებენ. დიდი ალბათობით, „ვალენსიას“ ამჟამინდელი კარის დარაჯები უნაი ეჩებერია და ემილიო ბერნარდი გუნდთან კონტრაქტის გაგრძელებას აღარ აპირებენ.
ესპანური მედიის თქმით, ვალენსიელები ახალგაზრდული გუნდიდან ძირითადში შარლ პერესს დააწინაურებენ და 20 წლის გიორგი მამარდაშვილსაც შეიძენენ. ქართველ მეკარესთან კონტრაქტიც უკვე შეთანხმებულიაო.
ლა-ლიგას და „ვალენსიას“ აბა დასაწუნი რა უნდა ჰქონდეს, მაგრამ გამოცემა წერს, რომ საქართველოს ნაკრების მეკარე გუნდის მთავარი კიპერი არ იქნება. უფრო მეტიც – მას ასე ვთქვათ შვილობილ გუნდში „მესტალიაში“ გადაიყვანენ და მამარდაშვილმაც ბევრი რამ იქ უნდა დაამტკიცოს.
ჩვენი ესპანელი კოლეგები ასევე ვარაუდობენ, რომ გიორგი მამარდაშვილი ხანდახან შესაძლოა ლა-ლიგაშიც გამოჩნდეს, ოღონდ საწყის ეტაპზე „ვალენსიას“ მესამე მეკარის რანგში.





