ერთკვირიანი სანაკრებო პაუზის შემდეგ, ეროვნული ლიგის გათამაშება „სამგურალის“ და „სამტრედიის“ დაპირისპირებით განახლდა.
საწყისი 5 ტურის შემდეგ, ერთადერთი გუნდი სწორედ „სამტრედია“ გახლდათ, რომელსაც სატურნირო გრაფაში 0 ქულა ეწერა.
გია ცეცაძის შეგირდებმა როგორც იქნა ნავსი გატეხეს და პირველი ქულები მოიპოვეს, უფრო მეტიც – სამტრედიელებმა სულაც გამარჯვება იზეიმეს.
„სამგურალმა“, რომელიც უმაღლეს ლიგას 18 წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა, ჩემპიონატი ყინჩად კი დაიწყო და ზედიზედ 3 ფრე გააგორა, მაგრამ ახლა გუნდს ჩავარდნა აქვს და მიჯრით მესამე მარცხი იწვნია. წყალტუბოელებს მიმდინარე სეზონში 6 ტურის შემდეგ გამარჯვების გემო არ გაუსინჯავთ.
„სამტრედიელებმა“ მეტოქეს მათსავე მოედანზე მათე კვირკვიას მიერ 71-ე წუთზე გატანილი გოლით აჯობეს.
მომდევნო ტურში, გია ცეცაძის გუნდი 6 აპრილს ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებს, წყალტუბოელები კი თბილისში „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ ითამაშებენ.





