ევროპის ჩემპიონატზე ნიდერლანდების ნაკრებმა მიჯრით მეორე გამარჯვება იზეიმა. ნარინჯისფერებმა, ამსტერდამში, საკუთარი ქომაგის თანდასწრებით ავსტრიის ნაკრები აუღელვებლად, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე 2:0 დაამარცხა და მერვედფინალის საგზურიც დაიბევა.
მატჩის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი უდავოდ ფრენკ დე იონგი გახლდათ. ნიდერლანდელთა 24 წლის ნახევარმცველმა თავისი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
„მატჩის დაწყებიდან მალევე დავწინაურდით, რამაც მეტი თავდაჯერება შეგვმატა. მართალია, ამის შემდეგ ბურთს ხშირად ავსტრიელები აკონტროლებდნენ, მაგრამ ნამდვილად არ მახსენდება ჩვენ საჯარიმოში ან კართან განსაკუთრებული სიცხე ყოფილიყო და მეტოქეს საგოლე მომენტები შეექმნა.
ჩვენ გაცილებით მეტი შანსი გვქონდა და დამსახურებულადაც გავიმარჯვეთ. ჯგუფში პირველი ადგილი უკვე გავინაღდეთ, რაც იდეალური სცენარია. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში დიდი წნეხის ქვეშ აღარ ვიქნებით, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავალთ.
ნაკრებთან ერთად ასეთი დონის ფორუმზე თამაში ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო. ორმაგად სასიხარულოა, რომ ეს საკუთარი გულშემატკივრების თანდასწრებით ხდება“ – აღნიშნავს ფრენკ დე იონგი.






