კორონავირუსმა, რომელიც უკვე მეორე წელია გრძელდება და ჯერ დასასრული არ უჩანს, ბევრი რამ თავდაყირა დააყენა. პანდემიამ იმოქმედა სპორტზეც და შარშან არაერთი ტურნირი გაუქმდა ან გადაიდო.
სამწუხაროდ, ეს ტენდენცია წლეულსაც გრძელდება. ინდიან-უელსის მასტერსი, რომელიც ტრადიციულად მარტში უნდა გამართულიყო, პანდემიასთან დაკავშირებული რისკების გამო გაურკვეველი ვადით გადაიდო. აღნიშნული პრესტიჟული ტურნირი შარშან საერთოდ გაუქმდა.
იყო საშიშროება, რომ ამერიკული მასტერსი არც მიმდინარე წელს გაიმართებოდა, თუმცა საბედნიეროდ ტურნირის ორგანიზატორებმა მოახერხეს და გამოთავისუფლებული ფანჯარა ოქტომბერში გამოძებნეს.
„მოხარულნი ვართ, რომ წელს მასტერსი არ გაუქმდება და მას მაინც ჩავატარებთ, თუმცა ცოტა უცნაურ დროს – ოქტომბერში. მთავარია, რომ ადგილობრივ გულშემატკივრებს დიდი ჩოგბურთი დაუბრუნდება“ – აღნიშნავს ინდიან-უელსის მასტერსის დირექტორი, ახლო წარსულში გამოჩენილი ჩოგბურთელი ტომი ჰაასი.





