მიუნხენის „ბაიერნი“ მიმდინარე სეზონში ევროპულ სარბიელს უკვე ჩამოშორდა. რეკორდმაისტერმა „პსჟ“-ს ბარიერი ვერ გადალახა.
მიუნხენური გრანდი ჩემპიონთა ლიგას კი გამოეთიშა და ეს უკვე ფაქტია, მაგრამ როგორი იქნება ჰანს დიტერ-ფლიკის მომავალი ბუნდოვანია. ამბობენ, ფლიკი „ბაიერნის“ თავკაცი აღარ იქნებაო.
ამ ამბავს კი არა უბრალო ვინმე, არამედ გერმანული და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა, თავის დროზე „ბაიერნის“ ლეგენდა ლოთარ მათეუსი ავრცელებს.
მათეუსი, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში „ბაიერნის“ გამოთიშვას გამოეხმაურა და ფლიკთან დაკავშირებით მეტად საინტერესო განცხადება გააკეთა.
„ეს იყო ბოლო მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე, რომელშიც ფლიკმა ბაიერნი ათამაშა. ის უმუშევარი ნამდვილად არ დარჩება. უფრო მეტიც – ფლიკი ზაფხულში გერმანიის ნაკრების ჩაბარების უმთავრესი კანდიდატია და მალე ასეც მოხდება. ფლიკი გერმანიის ფედერაციის ამ შემოთავაზებას დათანხმდება“ – ამბობს ლოთარ მათეუსი გერმანულ მედიასთან საუბარში.
ჰანს დიტერ-ფლიკისთვის გერმანიის ნაკრებში მუშაობა უცხო ნამდვილად არ გახლავთ. ის წლების მანძილზე იყო იოახიმ ლიოვის ასისტენტი, 2019 წელს კი „ბაიერნი“ ჩაიბარა.
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ვეჭვობთ, ლოთარ მათეუსი სიტყვებს ჰაერზე ისროდეს.





