ესპანურმა გამოცემამ MARCA-მ გიორგი მამარდაშვილის შესახებ სტატია გამოაქვეყნა და ვალენსიას მისი გამოსყიდვა ურჩია, რისთვისაც კლუბს ვადა წლის ბოლომდე აქვს.
“ვალენსიამ მამარდაშვილი სარეზერვო გუნდისთვის აიყვანა, თუმცა, ყველაფერი ისე აეწყო, რომ ის ძირითადში მოხვდა და სეზონის საწყისი 6 მატჩიც ჩაატარა. ამ თამაშებში შეცდომებიც იყო, რის გამოც სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა, მისი ადგილი კი გამოცდილმა სილესენმა დაიკავა. ვალენსიას მამარდაშვილის გამოსყიდვის უფლება 1 იანვრამდე აქვს და ამისთვის ერთ მილიონამდე ევრო უნდა გადაიხადოს. გიორგი მამარდაშვილს ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა 57 დღეა არ მიუღია, არადა, მას სათამაშო პრაქტიკა ძალიან სჭირდება. მას ამჯერად არ უხმეს ქვეყნის ეროვნულ გუნდში, სადაც გამოცდილი გოლკიპერი გიორგი ლორია დგას, სამაგიეროდ კი, თავის გამოჩენის შანსი 21-წლამდელებში ექნება. ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ეს დაქვეითებაა, რადგანაც თამაში ინგლისელი თანატოლების წინააღმდეგ მოუწევს და მოსალოდნელია, რომ საქმე საკმაოდ ექნება”, – წერს ესპანური გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიას” “დინამო თბილისიდან” 1-წლიანი იჯარით შეუერთდა.





