მიუხედავად იმისა, რომ გერმანულ „გლადბახს“ მრისხანე „მანჩესტერ სიტი“ ერთხელ უკვე ჰყავს დამარცხებული, არა გვგონია ფეხბურთის ბევრი გულშემატკივარი მოიძებნებოდეს, რომელიც ფიქრობდა, რომ მარკო როზეს გუნდი ამის გაკეთება ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე მერვედფინალში კიდევ შეძლებდა.
„გლადბახი“ მეტოქესთან შედარებით მოედანზე უსუსურად გამოიყურებოდა და გამარჯვების იოტისოდენა შანსიც არ ჰქონია.
გერმანელთა მთავარი მწვრთნელიც რეალობას თვალებში უყურებს.
„ვფიქრობ, მსოფლიოშ ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან წავაგეთ. დღეს სიტის ბადალს ბევრ კომპონენტში ვერავინ დაუდებს.
ჩვენ შეგუებულნი ვიყავით, რომ ურთულესი დაპირისპირება გველოდა და წარმატების მიღწევა გაგვიჭირდებოდა. მეტოქე სასწაულ ფორმაშია და მათი შეჩერება ბევრს გაუჭირდება.
წავაგეთ, მაგრამ ბიჭებზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი. მათ ბოლომდე ღირსეულად იბრძოლეს. თავის ჩასაქინდრი არაფერი გვაქვს. მეტოქემ გვაჯობა, რადგან ის ჩვენზე გაცილებით ძლიერია“ – აღნიშნა მარკო როზემ.





