ესპანეთის კოპა დელ რეის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში, „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე ბილბაოს „ატლეტიკს“ შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით – 1:0 დაამარცხა.
რამდენიმემატჩიანი წარუმატებელი თამაშის შემდეგ, ბორდალასის გუნდმა სრული რეაბილიტაცია მოახდინა და ბასკები ორმატჩიან დუელში აშკარად დაჩაგრა. საბოლოოდ, „ღამურებმა“ მეტოქე ორი მატჩის ჯამში 2:1 დაამარცხეს და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.
ქართველებისდა სასიხარულოდ, უნდა ითქვას, რომ გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ ძირითად შემადგენლობაში უკვე ზედიზედ მეექვსედ მოხვდა და ზედიზედ მეორედ კარის მშრალად შენახვა მოახერხა. საგულისხმოა, რომ ქართველი მეკარის კარში სათამაშო ეპიზოდიდან ბურთი ზუსტად მხოლოდ ერთხელ წავიდა და გიორგიმ აღნიშნულ ეპიზოდში ეფექტური სეივიც შემოგვთავაზა.
ამასთან, იყო რამდენიმე ეპიზოდი, როდესაც „ატლეტიკის“ ფეხბურთელებმა მამარდაშვილის კარის აღება თამაშგარე მდგომარეობიდან სცადეს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, ქართველმა მეკარემ დამაჯერებლად ითამაშა, თუმცა ბუნებრივია ეს ეპიზოდები სტატისტიკაში არ ჩაიწერა.
რაც შეეხება გოლის ავტორს, ბორდალასის გუნდის გამარჯვებაში ლომის წვლილი გონსალო გედეშმა დაიდო, რომელმაც პირველი ტაიმის მიწურულს ბასკებს ეფექტური გოლი გაუტანა.
შესაბამისად, „ღამურები“ ესპანეთის სამეფო თასს შეუტევენ და დიდი იმედი ვიქონიოთ, რომ გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ შემადგენლობაში სადებიუტო სეზონშივე შეძლებს პირველი ტიტულის მოგებას. ფინალში ხოსე ბორდალასის გუნდი „ბეტისსა“ და „რაიო ვალეკანოს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება. ამ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა „ბეტისმა“ სტუმრად 1:2 მოიგო, საპასუხო მატჩი კი 3 მარტს, საქართველოს დროით 00:00 საათზე გაიმართება.




