ბელგიელი ფორვარდი, „მანჩესტერ სიტის“ სამიზნე გახდა. ფეხბურთის მოყვარულთ ალბათ შეხსენება არ სჭირდება, რომ რომელუ ლუკაკუსთვის მანჩესტერი უცხო არ არის, ოღონდ ბელგიელი შემტევი წლების მანძილზე „სიტის“ მოსისხლე მტერ „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშობდა.
ლუკაკუმ ოლდ ტრაფორდი მეორე წელია დატოვა და მილანს მიაშურა, სადაც „ინტერის“ საკვანძო ფიგურა გახდა. მის ანგარიშზე, სერია ა-ს მიმდინარე სეზონში უკვე 14 გატანილი გოლია და ვეჭვობთ ამაზე გაჩერებას აპირებდეს.
ამასობაში, რამდენიმე უცხოური გამოცემის მტკიცებით, რომელუ ლუკაკუს გადაბირებით პეპ გვარდიოლას გუნდი დაინტერესდა. „ქალაქელები“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში დიდ აქტიურობას გეგმავს და უპირველესად სწორედ 28 წლის ბელგიელზე აქვს თვალი დადგმულიო. „სიტის“ ბოსების აზრით, ლუკაკუ გაცილებით იაფად შეუძლიათ ხელში ჩაიგდონ, ვიდრე უკვე აქამდე გაჟღერებული ფეხბურთელები, რომლებიც ქალაქელებს დაუკავშირეს. უპირველესად რა თქმა უნდა, საუბარი ლიონელ მესიზეა, თუმცა აქა-იქ კილიან მბაპეს, ერლინგ ჰალანდის და ჰარი კეინის გვარებმაც გაიჟღერა.
მოკლედ, აღდგომა და ხვალეო. ვნახოთ, გადავა თუ არა რომელუ ლუკაკუ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მოძულე გუნდში.





