ესპანეთის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი უღიმღამოდ კი დაიწყო, მაგრამ მატჩიდან მატჩამდე გუნდმა მოუმატა და ლუის ენრიკეს შეგირდებიც ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში არიან.
პირენეელებს, 1/4 ფინალში საკმაოდ მძიმე მატჩის გადატანა მოუხდათ და რომ არა იღბალი, ესპანელი ფეხბურთელები ახლა უკვე შინ იქნებოდნენ. შვეიცარიის ნაკრებმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ტურნირს მხოლოდ პენალტების სერიაში გამოეთიშა.
ესპანელთა თავკაცი ლუის ენრიკე თვლის, რომ მისი გუნდი ნახევარფინალში დამსახურებულად გავიდა.
„შვეიცარიასთან ძალიან გაგვიჭირდა. ვიცოდით, რომ ადვილი მეტოქე არ გვეყოლებოდა. მათ ტურნირიდან მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთი გამოთიშეს. ალბას გოლის მომენტში გაგვიმართლა, მაგრამ სამწუხაროდ, ანგარიში ვერ შევინარჩუნეთ და შვეიცარიელებმა გათანაბრება მოახერხეს.
მეორე ტაიმის მიწურულს შვეიცარიელი ფეხბურთელის გაძევებამ ყველაფერი შეცვალა. ჩვენ უპირატესობა მოვიპოვეთ და გოლის გატანაც არაერთხელ შეგვეძლო.
პენალტების სერიაში უნაი სიმონი არაჩვეულებრივი იყო. ჩემს მიმართ არაერთი კრიტიკის მიუხედავად, მე მას ვენდობი. ასეა თუ ისეა, ესპანეთმა 1/2 ფინალში გასვლა დაიმსახურა. ტურნირის მიმდინარეობისას ჩვენი ნაკრები ნელ-ნელა უმატებს. ჩვენ ევრო 2020-ზე ყველაზე მეტი გოლი გავიტანეთ.
ესპანეთის ნაკრები ჩემპიონობისკენ ბრძოლას აგრძელებს. 1/2 ფინალში იტალიის სახით ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავს. მანჩინის გუნდს წლებია არ წაუგია და ამ ტურნირზეც დამაჯერებლად გამოდის. მათთან დიდი ბრძოლა გველის. ვეცდებით მეტოქე კარგად შევისწავლოდ და მოედანზე ჩვენი კოზირები გამოვიყენოთ“ – ამბობს ესპანეთლა მთავარი მწვრთნელი.
შეგახსენებთ, ესპანეთის ნაკრები ფინალში გასასვლელად იტალიის ნაკრებს 6 ივლისს ლონდონში „უემბლიზე“ დაუპირისპირდებდა.








