ეროვნული ლიგის მე-14 ტური „ლოკომოტივის“ და „სამტრედიის“ დაპირისპირებით დაიხურა, რომელშიც გამარჯვება თბილისურ გუნდს დარჩა – 3:1.
საგულისხმოა, რომ რკინიგზელებმა მეტოქეს საგურამოს საფეხბურთო კომპლექსში უმასპინძლეს, სადაც იღბლიანი და წარმატებული დებიუტი გამოუვიდათ.
როგორც ჩანს, „ლოკომოტივმა“ წარუმატებელი პერიოდი უკან მოიტოვა და აგერ უკვე ზედიზედ მეორე გამარჯვებაც მიითვალა. წყვილის ფავორიტად ისედაც მასპინძლები მიიჩნეოდნენ და მათაც გულშემატკივართა იმედები გაამართლეს.
„ლოკომოტივის“ რიგებში დუბლით გამოირჩა გუნდის მაროკოელი ლეგიონერი ომარი, ხოლო ერთი გოლი იაკობიძემ გაიტანა. სამტრედიელთაგან კი თავი კვირკვიამ გამოიჩინა.
ამრიგად, „ლოკომოტივი“ 21 ქულით მე-4 ადგილზე დამკვიდრდა, ხოლო სამტრედიელები 9 ქულით ბოლოსწინა პოზიციაზე არიან.





