ყაზანის „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა sports.ru-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას არშემდგარ ტრანსფერზე ისაუბრა.
„ხვიჩა არ წავიდა და ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ის რუბინში დარჩა. კლუბს მისი გაყიდვის ამოცანა დღის წესრიგში არც ჰქონდა. უბრალოდ, ბევრს წერდნენ მის სავარაუდო ტრანსფერზე, თითქოს, მისით მრავალი ევროპული კლუბი დაინტერესდა, რეალურად კი ერთი ოფიციალური წინადადებაც კი არ მიგვიღია.
მისთვის ჩვენ ფასი არ დაგვიდია. ასე რომ, ვერავინ იტყვის, რომ ბევრი მოვითხოვეთ. ვინმეს ერთი რუბლი მაინც რომ შემოეთავაზებინა, ვიტყოდი, მაგრამ არ ყოფილა არანაირი წინადადება. რუბლიც არავინ შემოგვთავაზა.
კლუბი მზად იყო, წინადადებების განსახილველად, რომლებიც არ ყოფილა. ჩვენ მისი დარჩენა გვახარებს. ეს ფეხბურთელი კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ხვიჩა ფანებს უყვართ, მისი თამაშის საყურებლად სტადიონზე დადიან.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა, როგორც წესი, ისე აქტიური არ არის. ევროპული კლუბები არ აქტიურობენ, მაგრამ ვნახოთ რა იქნება.
ჩემი აზრით, ამ საუბრებმა კვარაცხელიაზე დაღი დატოვეს, ის ხომ ახალგაზრდაა. ალბათ, ფიქრობდა, რომ მიდიოდა და სტაბილურობა დაკარგა. ახლა ის დამშვიდდება და ითამაშებს“, – განაცხადა რუსტემ საიმანოვმა.
ხვიჩა კვარაცხელია „რუბინში“ უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს და 13 სექტემბერს ურალთან მატჩისთვის მზად იქნება.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ საქართველოს ნაკრების მატჩები მცირე ტრავმის გამო გამოტოვა.







