„კარგი მორაგბე კარგ მენეჯერს არ ნიშნავს და ყველამ ის საქმე უნდა ვაკეთოთ, რაც კარგად გამოგვდის“, – ამის შესახებ ვეტერანმა მორაგბემ, ირაკლი ყიასაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ქართულ რაგბიში არსებული დაპირისპირება უმოკლეს ვადებში უნდა დასრულდეს, რათა კლუბებმა და ეროვნულმა ნაკრებმა ფუნქციონირება ჩვეულ პირობებში განაგრძონ.
ვეტერანი მორაგბე მხარს სოსო ტყემალაძის კანდიდატურად უჭერს და ამბობს, რომ მას პრობლემების მოგვარების ძალა შესწევს.
„უკვე ყველა დაიღალა ამ გაურკვევლობით და მნიშვნელოვანია არჩევნების პროცესი უმოკლეს დროში დასრულდეს. ეს მნიშვნელოვანია როგორც კლუბებისთვის, რომლებსაც დაფინანსება ჯერ არ მიუღიათ, ასევე ეროვნული ნაკრებისთვის, რომელიც დღე-დღეზე მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპში ჩაერთვება.
„მმართველობის სათავეში უნდა მოვიდეს ადამიანი, რომელსაც ეს საქმე კარგად ეხერხება. კარგი მორაგბე კარგ მენეჯერს არ ნიშნავს და ყველამ ის საქმე უნდა ვაკეთოთ, რაც კარგად გამოგვდის. ასეთად სოსო ტყემალაძე მიმაჩნია, რომელიც იმ დღიდან მახსოვს, როდესაც რაგბის თამაში დავიწყე. ის მუდამ მხარში ედგა არა მხოლოდ ჩვენს კლუბს, არამედ ქართულ რაგბს, თუმცა წინა პლანზე არასდროს ჩანდა.
„ძალიან არ მომწონს ეს განხეთქილება და მსურს, რომ ყველა მხარე გაერთიანდეს და საერთო საქმე ერთად ვაკეთოთ. ეს მნიშვნელოვანია ქართული რაგბისთვის და ეხება როგორც ვეტერან და მოქმედ მორაგბეებს, ასევე მომავალ თაობას, რომლებმაც ქართული რაგბი კიდევ უფრო წინ უნდა წაიყვანონ“, – ამბობს ირაკლი ყიასაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 30 დეკემბერს გამართულ რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა, თუმცა საჯარო რეესტრმა ვეტერან მორაგბეს პრეზიდენტად რეგისტრაცია შეუჩერა. მიზეზად დარღვევებით ჩატარებული ყრილობა დასახელდა.
რაგბის კავშირის გამგეობამ ხელახალი არჩევნები 24 თებერვალს დანიშნა და კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად ერთადერთი კანდიდატი, იოსებ ტყემალაძე დარეგისტრირდა. აღნიშნული სხდომა საკმარისი კვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა, რის გამოც, გამგეობას ხელახალი არჩევნების დანიშვნა 10-დან 30 დღის ვადაში მოუწევს.








