მარტის ოფიციალური სანაკრებო მატჩები დასრულდა და საფეხბურთო სამყარო ისევ საკლუბო ბატალიებს უბრუნდება.
სანაკრებო დონეზე, ევროპის ჩემპიონატამდე ოფიციალური მატჩები აღარ იქნება, თუმცა კონტინენტის პირველობის დაწყებამდე არაერთი ამხანაგური შეხვედრა გაიმართება. „ევრო 2020“ სტარტს 11 ივნისს აიღებს, მანამდე კი ტურნირში მონაწილე გუნდები მოსამზადებელ ეტაპზე ამხანაგურ მატჩებს გამართავენ.
სამწუხაროდ, ჯვაროსნებს ევროპის ჩემპიონატამდე ერთი ნაბიჯი დააკლდათ. 12 ნოემბერი და ჩრდ. მაკედონიასთან განცდილი მარცხი ქართველ გულშემატკივარს ალბათ კიდევ მრავალი წელი გველის ნაკბენივით ემახსოვრება.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი სექტემბერში განახლდება. საქართველოს ნაკრებს მარტის შეხვედრებში ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებია. მართალია, 3 მატჩიდან ოდენ ქულას გამორჩა, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც გულშემატკივარს ტრიბუნები ღირსებააყრილს არ დაუტოვებია.
მოკლედ, სექტემბრის ოფიციალურ მატჩებამდე ვილი სანიოლის გუნდი ივნისის თვეში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. საქართველოს ნაკრები რომ 2 ივნისს სტუმრად რუმინეთს გაეჯიბრება ადრეც გაცხადებული იყო. რაც შეეხება კიდევ ერთ ამხანაგურ დაპირისპირებას, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ორიოდე დღის წინ განაცხადა, რომ 6 ივნისს ჯვაროსნები ერთ-ერთ გამორჩეულ და უძლიერეს გუნდს შეხვდებიან.
კულუარული ინფორმაციით კი ეს ბელგიის ნაკრებია. მართალია, ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ როგორც ამბობენ უტყუარი ამბავიაო.
ბელგიის ნაკრები ფიფა-კოკა-კოლას რეიტინგში პირველ საფეხურზეა და ეჭვგარეშეა, რომ მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზეც მხოლოდ უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს.





