ევროპას ახალი ჩემპიონი ეყოლება. ეს მას შემდეგ გაირკვა, რაც სევილიაში ბელგიის ნაკრებმა პორტუგალიას დაძაბულ ბრძოლაში 1:0 აჯობა და საუკეთესო 8 გუნდში გააღწია.
კრიშტიანო რონალდუ შინ მიემგზავრება, ედენ აზარი, კევინ დებრუინი, ლუკაკუ და კომპანია კი წინ მიიწევენ და ნახევარფინალში გასასვლელად იტალიასთან მძიმე ჯახი ელით.
მატჩის შემდეგ ცხადია შედეგით კმაყოფილი იყო ბელგიელთა მთავარი მწვრთნელი რობერტო მარტინესი.
„ძლიერი გუნდი დავამარცხეთ. პორტუგალია ხომ ჯერ კიდევ მოქმედი ევროპის ჩემპიონია და ერთა ლიგაც მოიგეს. ამიტომაც, რთული მატჩის მოლოდინში ვიყავით.
პირველ ტაიმში ლამაზი გოლი გავიტანეთ, შემდეგ კი ინიციატივა ხელთ მეტოქემ იგდო, რაც სავსებით ლოგიკურია. მიხარია, რომ კონცენტრაცია არ დავკარგეთ და დასახულ მიზანს მივაღწიეთ.
დღეს საქმე მხოლოდ იმას არ ეხებოდა თუ რამდენად კარგები ვართ. ეს ის შემთხვევა გახლდათ, როდესაც პრაგმატიზმიც უნდა გამოგვევლინა. ვიმოქმედეთ ისე, როგორც გამარჯვებისთვის იყო საჭირო.
შეცვლები იმიტომ დავაგვიანე რომ ვხედავდი ფეხბურთელები დასახულ ამოცანას თავს კარგად ართმევდნენ. ხანდახან ცვლილებაზე შესვლა და თამაშში ჩართვა რთულია.
ჩვენ კვლავ ტურნირზე ვრჩებით და ეს ფაქტი მახარებს“ – აღნიშნა ბელგიელთა თავკაცმა.








