„ლივერპულის“ ქომაგი უსათუოდ გაწბილებული იქნება. მერსისაიდელები პრემიერლიგის მორიგ ტურში შერცხნენ. მართალია, „მანჩესტერ სიტის“ სახით მოედანზე მრისხანე მეტოქე ჰყავდათ, მაგრამ ეს 1:4 მარცხს არ უნდა ამართლებდეს.
იურგენ კლოპი და მისი გუნდი ენფილდზე ასეთი სხვაობით როდის დამარცხნდენ ძნელი გასახსენებელია. სავარაუდოდ, „ლივერპული“ ტიტულის შენარჩუნებას ვერ შეძლებს, რადგან პირველადგილოსან „ქალაქელებთან“ სატურნირო ცხრილში ჩამორჩენა სოლიდურია.
გულდაწყვეტილი იყო, თუმცა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე იმედიანად გამოიყურებოდა „ლივერპულის“ დამრიგებელი იურგენ კლოპი.
„ფაქტია, რომ დღეს ჩვენი დღე არ იყო. გაშვებული გოლის შემდეგ კარგად ავთამაშდით და ანგარიშიც გავათანაბრეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა.
ყველამ ნახა, რომ ამის შემდეგ მეტოქემ გოლი ჩვენი ორი უხეში შეცდომის გამო გაგვიტანა. ეს ფეხბურთია და ამისგან დაზღვეული არავინ არის. მიუხედავად მარცხისა, ვთვლი, რომ თამაშის ძირითადი მონაკვეთი ჩემმა გუნდმა მაინც კარგად ჩაატარა.
ყველანი გულდაწყვეტილები ვართ, მაგრამ მომავალს იმედიადად შევცქერით. წინ არაერთი მნიშვნელოვანი მატჩი გველის“ – აღნიშნა იურგენ კლოპმა.





