საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი 2017 წლის ოქტომბრიდან უმუშევარი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, მან საყვარელი საქმიანობა ოჯახური პრობლემების გამო შეწყვიტა, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდა. იძულებითი შესვენების შემდეგ კი მან კარიერა საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე განაახლა.
დღეს, პირველი არხის ეთერში, გადაცემა „ტაიმაუტში“ სტუმრობისას ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ფრანგი სპეციალისტის უმუშევრობაზე ისაუბრა, თუმცა, მთავარი კითხვა ალბათ იმაში მდგომარეობს, რამდენად წარმატებულად შეძლებს დაბრუნებას სანიული 4-წლიანი იძულებითი შესვენების შემდეგ.
„ამაზე თავად ილაპარაკებს, თუ სურვილი ექნება. ის ოჯახური პირობების გამო იძულებული გახდა, რომ შეჩერებულიყო. თუმცა, ასაკის მიუხედავად, უკვე სერიოზული სანაკრებო და საკლუბო გამოცდილება აქვს – ავარჯიშებდა საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებს, მუშაობდა ეროვნული ნაკრების ტექნიკურ დირექტორად. ეს დიდი ნდობაა. მერე იძულებითი პაუზა ჰქონდა. ახლა კი შესაბამის შემოთავაზებას ელოდა. ხანგრძლივი მოლაპარაკება გვქონდა. ისე არ იყო, რომ დავურეკეთ და ვუთხარით, ვილი, ნაკრებში გნიშნავთ და ჩამოდიო“, – განმარტავს მუჯირი.
სფფ-ს გენერალურმა მდივანმა 43 წლის სპეციალისტის კონტრაქტის დეტალებზე და საქართველოში ყოფნის ვადებზეც ისაუბრა.
„ეს კონტრაქტშია ჩაწერილი და თავადაც სურს, რომ ხშირად ჩამოვიდეს. თუმცა, ჩვენი ნაკრები სპეციფიკურია, რადგან ბევრი ლეგიონერი გვყავს. სხვათა შორის, მან ნაკრების წევრების და კანდიდატების შესწავლა უკვე დაიწყო და გამიკვირდა, როდესაც კონკრეტულ გვარებს უშეცდომოდ ამბობდა“, – განაცხადა მუჯირმა.
მისივე თქმით, ვილი სანიოლი თბილისში კვირის ბოლოსთვის ჩამოვა და 21 თებერვალს, საქართველოს სუპერთასის მატჩსაც დაესწრება.








