“დინამო” თბილისის მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ჰაიფას მაკაბისთან დაპირისპირების წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. საქართველოს ჩემპიონი კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ისრაელის გუნდთან პირველ შეხვედრას 22 ივლისს, “დინამო არენაზე” ჩაატარებს.
კახა ცხადაძე:
ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნაზე: “სამწუხაროა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მივაღწიეთ შედეგს, რომელიც ჩვენ და მთელ ქვეყანას უნდოდა. ძალიან უხეში ინდივიდუალური შეცდომების გამო მივიღეთ ეს შედეგი და ადრეც აღვნიშნე, რომ მსგავს დონეზე ასეთი შეცოდმების დაშვება არ შეიძლება. ასევეა ხვალინდელ თამაშშიც, მეტოქეს მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს და არ შეიძლება შეცდომების დაშვება. ძალიან მტკივნეული იყო ნეფთჩისთან მარცხი, მაგრამ მაკაბისთან ეს ორი თამაში არის შანსი, მოტივაციის თავლსაზრისით, რომ ფეხბურთელებმა თვითონაც დაივიწყონ ის წაგება და გულშემატკივრებსაც დაავიწყონ ის. მათ შეუძლიათ, რომ აქ წარმატებით ნეფთჩისთან წარუმატებლობა ისტორიას ჩააბარონ”.
როინ კვასხვაძის შესახებ: “ცნობილია, რომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც კვასხვაძის თავს იყო, ძალიან სერიოზული ფსიქოლოგიური წნეხი ჰქონდა, ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ ის დინამოში აღარ იქნება. ახლა ვითამაშებთ იმ კონტიგენტით, რაც გვყავს, მომავალში კი ვნახოთ რა მოხდება. ძალიან ძნელია მეკარისთვის ასეთი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ თამაში და წარმატებებს ვუსურვებთ მას მომავალში.”
ნეფთჩისთან მატჩების შემდეგ, კვასხვაძემ დინამო დატოვა
ნეფთჩისთან მატჩების შემდეგ, კვასხვაძემ დინამო დატოვა.
მაკაბის შესახებ: “ძალიან სერიოზული მეტოქეა, ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, საკმაოდ თანამედროვე ფეხბურთს თამაშობენ. საინტერესოა, ასეთ მეტოქესთან თავს როგორ წარმოვაჩენთ. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ და მეტოქეს არ მივცეთ იმის საშუალება, რომ თავისი თამაში თავზე მოგვახვიოს. ცხადია, თუ აღმოვფხვრით იმ ინდივიდუალურ შეცდომებს, რაც წინა შეხვედრებში გვქონდა, ნამდვილად საინტერესო თამაში იქნება.”
საკუთარ მომავალზე: “ვფიქრობ, დღეს ჩემზე საუბარი აქტუალური არ არის. ყველაფერი კომპლექსურია, არის კლუბის მოთხოვნები და არის სამწვრთნელო შტაბის მოთხოვნები. ჩვენ მოვედით ამ გუნდში იმისთვის, რომ გუნდს დავეხმაროთ. მომავალში კი ვნახოთ, რა მოხდება. საჭიროა გეგმა, ამის გარეშე არ შეიძლება. რაც შეეხება იმიჯს, ყველა წარუმატებელი თამაში ყოველთვის მწვრთნელის პასუხისმგებლობაა, ამიტომ, ყველანაირად ვცდილობთ, რომ ჩვენი შედეგი იყოს მაქსიმალური. დინამო თბილისთან ჩვენს თანამშრომლობას მომავალში ერთად გადავწყვეტთ”.








