თბილისის ”დინამოს” ყოფილმა ფეხბურთელმა ვიქტორ მონხილმა მადრიდულ AS-თან გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა. ესპანური მედია 20 წლის ქართველის ”ვალენსიაში” დებიუტს დიდ ყურადღებას უთმობს და AS-მა მამარდაშვილთან დაკავშირებით მონხილი ჩაწერა.
”ის ძალიან ახალგაზრდა ბიჭია, მას კაშკაშა მომავალი აქვს და ევროპულ ფეხბურთში შესაძლებლობების გამოვლენის შანსი მიიღო. ესპანეთში გაცილებით დიდ პროგრესს აჩვენებს ვიდრე სხვა ევროპულ ქვეყანაში. თავდაჯერებულია და სწორედ ამიტომ ”ვალენსიაში” ადაპტირება სწრაფად გაიარა”. ”ის ტიბო კურტუას ჰგავს. მაღალი მეკარეებისთვის დაბალი დარტყმის მოგერიება რთულია,ეს მას კარგად ესმის და ამ კუთხით ბევრს ვარჯიშობს. ასევე, მამარდაშვილი ფეხით კარგად თამაშობს და მოქნილია. მასზე წნეხი და ზეწოლა გავლენას ვერ ახდენს, ცივსისხლიანია, რაც ძალიან ეხმარება”. ”მან რამდენიმე ესპანური სიტყვა იცის. ასევე, ხშირად ესმოდა ესპანური სიტყვები, როცა მე და ჩისკო ვსაუბრობდით. ახლა ესპანურ ენას სწავლობს” – განაცხადა მონხილმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიას“ მაისურით ლა ლიგაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. 20 წლის მეკარემ „ხეტაფეს“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ითამაშა, შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და კარი მშრალად შეინახა.








