28 აპრილს, „მანჩესტერ სიტის“ უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის. შესაძლოა, მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო დაპირისპირება.
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, „ქალაქელები“ ნეიმარის, მბაპეს და კომპანიის „პსჟ“-ს უნდა დაეჯახნონ. ასეთ დროს კი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის გამოკლება დიდი დანაკლისია.
FA Cup-ის ნახევარფინალში, „მანჩესტერ სიტი“ ლონდონის „ჩელსის“ დაუპირისპირდა და 0:1 წააგო. მანჩესტერული გრანდისთვის წაგების გარდა კიდევ ერთი უსიამოვნო ფაქტი მოხდა – კევინ დე ბრუინმა ტრავმა მიიღო.
29 წლის ბელგიელმა კოჭი დაიზიანა და ის შესაცვლელი გახდა. ნიშანდობლივია, რომ დე ბრუინს არავინ შეხებია და დაზიანება ცარიელ ადგილზე თავისით მიიღო. მან მინდორზე ფეხი უხერხულად დადგა და ტრავმაც ამან გამოიწვია.
კევინ დე ბრუინის ტრავმის სიმძიმე ჯერ ბოლომდე ცნობილი არ არის და არც ის გადაწყვეტილა მოახერხებს თუ არა ბელგიელი ფრანგულ გრანდთან თავის გუნდს დაეხმაროს.





