თბილისის ლოკომოტივი სეზონის წინა საწვრთნელ შეკრებას ესპანეთში გადის. საინტერესოა, რომ გუნდთან ერთად საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია ვარჯიშობს.
გურამი გუნდის ოფიციალურ გვერდს ლოკომოტივზე და სხვა საკითხებზე ესაუბრა:
ლოკომოტივს თბილისშივე შევუერთდი და უკვე ერთი კვირაა, გუნდთან ერთად ვვარჯიშობ. ქართულ ფეხბურთში ყველა ერთმანეთს ვიცნობთ და კლუბის ხელმძღვანელებს ვთხოვე, თუ საშუალება იყო, დავმატებოდი და ფორმის აღსადგენად მევარჯიშა.
მოგეხსენებათ, ევროპულ ჩემპიონატებში უკვე მეორე წრე დაიწყო და აქედან გამომდინარე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ვარჯიშის დაწყება.
ლოკომოტივში გაგებით მოეკიდნენ ჩემს სიტუაციას და მწვრთნელისა და მენეჯმენტის თანხმობის შემდეგ, გუნდს შევუერთდი. მინდა ვთქვა, რომ ძალიან გვესიამოვნა ერთად მუშაობა და რადგან ჩვენი სურვილები ერთმანეთს დაემთხვა, გადაწყდა, რომ გუნდს ესპანურ შეკრებაზეც გამოვყვებოდი.
ეს ჩემთვის საინტერესო პროცესია. ლოკომოტივი ძალიან კარგი გუნდია, მშვენიერი გარემო და პირობებია და ვარჯიშებით მხოლოდ სიამოვნებას ვიღებ. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა გუნდის მთავარ მწვრთნელს და კლუბის ხელმძღვანელობას. მათთან მუშაობა ძალიან მომწონს.
პარალელურად, მოლაპარაკებებს ვაწარმოებ რამდენიმე გუნდთან და მათ შორის, შემიძლია თბილისის ლოკომოტივიც დავასახელო. ჯერჯერობით, სულ ესაა. ვნახოთ, რა იქნება. გადაწყვეტილი ჯერ არაფერია. დღეს ლოკომოტივში ვარ და აქ ყოფნა ძალიან მსიამოვნებს.







