გიორგი წიტაიშვილი კარიერას “ჩერნომორეცში” გააგრძელებს. 20 წლის შემტევი, რომლის სატრანსფერო უფლებები კიევის “დინამოს” ეკუთვნის, ერთწლიანი იჯარით ოდესის კლუბში ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის “დინამოს” ვებ-გვერდი ავრცელებს.
კიევის “დინამომ” გიორგი გასული სეზონის მეორე ნახევარში იჯარით პოლტავის “ვორსკლაში” გაუშვა, მაგრამ ფეხბურთელმა მალევე მძიმე ტრავმა მიიღო და მწყობრში ჩადგომა მხოლოდ სეზონის დასრულების შემდეგ შეძლო.
წიტაიშვილი ჩერნომორეცს ცოტა ხნის წინ შეკრებაზე შეუერთდა. ქართველმა ნახევარმცველმა გუნდის მაისურით ტესტმატჩშიც ითამაშა.








