ქართულ ფეხბურთში თუ ვინმეზე შეიძლება ითქვას თავისი საქმის პროფესიონალი და ზედმიწევნით კარგად მცოდნეაო, ერთ-ერთი ასეთი უსათუოდ გიორგი დევდარიანია.
თბილისის დინამო და სხვა არაერთი გუნდის ყოფილი მწვრთნელის მოსაზრებები ყოველთვის საინტერესო მოსასმენია, მითუფრო თუ საქმე ეროვნულ ნაკრებს ეხება.
გიორგი დევდარიანმა POSTV-ის ინტერვიუ მისცა, სადაც ეროვნული გუნდის შესახებ ისაუბრა.
„ნაკრების არაერთ ფეხბურთელთან მიმუშავია და ვფიქრობ, რომ ბუდუ ზივზივაძე მეტ ყურადღებას იმსახურებს. მას შეუძლია ნაკრებისთვის ნაყოფიერი იყოს და გამოადგეს.
შვედეთთან მატჩში რაღაცეები არ მომეწონა. მაგალითად, როდესაც მეტოქე მასირებულ შეტევაზე გადმოდიოდა, ჩვენ ფეხბურთელებში დაბნეულობა და შეუთანხმებლობა იგრძნობოდა.
ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ მთავარი მწვრთნელს სიტუაციაში კარგად გასარკვევად დრო სჭირდება.
რაც შეეხება დებიუტანტებს, გიორბელიძეზე და ჩაბრაძეზე აუგს ნამდვილად ვერ ვიტყვი. მათთვის ნაკრებში პირველი მატჩი იყო და თან ისიც უნდა გავითვალისწინოთ თუ რა ძლიერ მოწინააღმდეგესთან მოუხდათ თამაში.
რითი გვაჯობა შვედეთმა? პირველ რიგში გამოცდილებით, შემდეგ კი მაღალი კლასის ფეხბურთელებით. თამაშს ყოველთვის თუ არა, ხშირად სწორედ გამოცდილება და კლასი იგებს“ – აღნიშნა გიორგი დევდარიანმა.





