UFC-ის ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ დღეს სასტუმრო “რედისონში” გამართულ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა. 33 წლის ქართველმა მებრძოლმა 29 აგვისტოს მორიგი გამარჯვება იზეიმა. UFC-ის ღონისძიების მთავარ ორთაბრძოლაში ჭიკაძემ ბრაზილიელი ედსონ ბარბოზა ნოკაუტით დაამარცხა.
პრესკონფერენციაზე გიგამ განაცხადა, რომ 25 სექტემბერს ლას-ვეგასში ქვემსუბუქ წონაში გასამართ საჩემპიონო ბრძოლას დაესწრება, სადაც შესაძლოა, მისი მომავალი მეტოქე გაირკვეს.
„მეამაყება, რომ ქართული დროშით გამოვდივარ და ასეთ დიდ პლატფორმაზე 3,5-მილიონიან ხალხს წარმოვადგენ. ბრაზილიელი ედსონ ბარბოზას დამარცხების შემდეგ ჩემთვის ბევრი რამ შეიცვალა. რეიტინგში დავწინაურდი და UFC-ის პრეზიდენტმა 25 სექტემბერს ლას-ვეგასში გასამართ ქვემსუბუქ წონაში საჩემპიონო ბრძოლაზე დამპატიჟა. დაკვირვებული ვარ, ასეთი მიწვევები შემთხვევით არ ხდება. მაქს ჰოლოვეი გამოვიწვიე, რომელმაც თქვა, რომ გიგამ გამომიწვია, რომელიც ფეხებს კარგად იქნევსო,“ – განაცხადა გიგა ჭიკაძემ.
ქართველი მებრძოლის თქმით, შესაძლოა ერთ-ერთი ბრძოლა საქართველოში შედგეს.
„UFC-ის პრეზიდენტისგან ბევრი სასიამოვნო მესიჯი მოვისმინე. მათ შორის, ერთ-ერთი ისაა, რომ შესაძლოა, ბრძოლებს საქართველომ უმასპინძლოს. ჩემი დიდი სურვილია, ეს 2022 წელს გაიმართოს. მაგრამ საამისოდ, სპონსორების მხარდაჭერა და ინფრასტრუქტურაა საჭირო, სადაც ასეთი დონის ტურნირისთვის მოემზადები“.
შეგახსენებთ, რომ გიგა ჭიკაძე UFC-ში 2019 წლის სექტემბრიდან გამოდის.





