საქართველოს ეროვნული ნაკრები უზებეკეთთან ამხანაგური მატჩისთვის მზადებას განაგრძობს.
ჩვენი გუნდის 28 წლის მცველმა, დავით ხოჭოლავამ მზადების პროცესზე და შვედეთის წინააღმდეგ გამართულ მატჩზე მცირე კომენტარი გააკეთა:
„განვლილი ორი შეხვედრა ძალიან კარგი იყო, დიდი ემოცია და მუხტი მივიღეთ. ეს განსაკუთრებით ბოლო მატჩს ეხება, სადაც გულშემატკივრებთან ერთად საოცარ ატმოსფეროში ვითამაშეთ. ვთვლი, რომ ამ გარემოებამ შვედეთის წინააღმდეგ მოპოვებულ გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა. რაც შეეხება უზბეკეთის წინააღმდეგ მატჩს, ვერ ვიტყვი, რომ ეს ამხანაგური შეხვედრაა, რადგან წლის ბოლო თამაშია და ამის შემდეგ ეროვნული გუნდი დიდი ხნის განმავლობაში ვეღარ შეიკრიბება. აქედან გამომდინარე, საჭიროა, რომ ეს შეხვედრაც მოვიგოთ და ჩვენი სერია გავაგრძელოთ“, – განაცხადა დავით ხოჭოლავამ.
შეგახსნებთ, რომ საქართველოსა და უზბეკეთის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება 15 ნოემბერს 18:00 საათზე გაიმართება.








