საფეხბურთო კლუბი „გაგრა“, მომავალ სეზონში ევროსარბიელზე იასპარეზებს. ეს მას შემდეგ გაირკვა, რაც ამ ახალგაზრდულმა და სიმპათიურმა გუნდმა, დავით ყიფიანის სახელობის თასი მოიგო. ენა არავის მოუბრუნდება თქვას, გაგრელებმა ეს ჯილდო დაუმსახურებლად მოიპოვესო, რადგან მათ გზად ისეთი მეტოქეები ჩამოიშურეს, როგორებიც უმაღლესლიგელი „ბათუმი“ და „საბურთალოა“.
„გაგრამ“, ფინალური დაპირისპირება, ასევე მეორელიგელ „სამგურალს“ დაძაბულ ბრძოლაში, ოდენ პენალტების სერიის შემდეგ აწაპნა. სიმართლე ითქვას, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართული ფინალური ჯახი მეტად უღიმღამო და სანახაობრივად არცთუ ისე საინტერესო საყურებელი გამოდგა და უგოლო ფრით დასრულდა. ალბათ, განხილვის საგანი გახდება მთავარი არბიტრის საკამათო გადაწყვეტილებაც, რომელმაც მეორე ტაიმში წყალტუბოელები კაცნაკლული დატოვა.
გამარჯვებული ვერც დამატებითმა დრომ გამოავლინა და საქმე პენალტების სერიაზე მიდგა, სადაც უკეთ გაგრელები გამოიყურებოდნენ – 5:3. ნიშანდობლივია, რომ „სამგურალის“ რიგებიდან თერთმეტმეტრიანი კოტდიუვარელმა ლეგიონერმა ისუპ ტურემ ვერ გამოიყენა.
„გაგრა“ დავით ყოფიანის სახელობის საქართველოს თასს ისტორიაში მეორედ დაეუფლა.








