ოქტავიან შოვრე რუმინელი არბიტრია, რომელმაც სახელი იმით გაითქვა, რომ „მანჩესტერ სიტის“ და „დორტმუნდს“ შორის ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველი მატჩის შემდეგ ერლინგ ჰალანდს ავტოგრაფი გამოართვა.
მეტი კონკრეტიკისთვის დავაზუსტოთ, რომ შოვრე მატჩის არა მთავარი, არამედ გვერდითი მსაჯი გახლდათ, თუმცა ეს მის საქციელს არ ამართლებს.
რუმინელ მსაჯს კრიმინალი ნამდვილად არ ჩაუდენია, მაგრამ უეფა და ფიფა არბიტრებს ფეხბურთელებთან მსგავს კონტაქტს მკაცრად უკრძალავს და ვგონებთ ამაში გასაკვირი არაფერი უნდა იყოს.
ოქტავიან შოვრეს შესახებ მის სამშობლოში იმსჯელეს და რუმინეთის ფეხბურთის ფედერაციამაც მას ჩემპიონატის მატჩების განსჯა სეზონის ბოლომდე აუკრძალა.
რუმინელმა მსაჯმა მოგვიანებით განმარტა, რომ ჰალანდის ავტოგრაფი საქველმოქმედო მისიისთვის სჭირდებოდა. 20 წლის ნორვეგიელი ტალანტის ხელმოწერილი ფურცელი აუქციონზე გაიყიდება და შემოსული თანხა აუტიზმით დაავადებული ადამიანების ჯანმრთელობას მოხმარდება.





