საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახების შემდეგ ჟორჟ მიქაუტაძემ თავის პირველ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა. 20 წლის ფეხბურთელთან ინტერვიუს „პირველი არხი“ ავრცელებს.
მიქაუტაძის თქმით, ეროვნული გუნდის ფეხბურთელებს ჯერჯერობით არ იცნობს, თუმცა დარწმუნებულია, რომ მათ მალე დაუახლოვდება.
„ჩემთვის ძალიან დიდი ემოციაა, ნაკრების სახელით თამაშის საშუალება რომ მომეცემა. ამდენი გულშემატკივარი გვერდით გვიდგას, რაც სამომავლოდ დიდ მოტივაციას გვაძლევს. მჯერა, რომ ნაკრებში ერთად ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გულშემატკივრები გავახაროთ. საქართველოს ნაკრებში პირადად არავის ვიცნობ, მაგრამ მალე ყველას გავიცნობ. მოქალაქეობა არ შემიცვლია, ორმაგი მოქალაქეობა მექნება და ამ კუთხით პრობლემაც არ შემექმნება“, – განაცხადა ახალგაზრდა ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით 3 მატჩს გამართავს. 25 მარტს ქართველი ფეხბურთელები შვედეთს ესტუმრებიან, 28 მარტს „დინამო არენაზე“ ესპანეთს მიიღებენ, 31 მარტს კი საბერძნეთის ნაკრებს შეხვდებიან.








