თბილისის „დინამო“ ლიდერობას ინარჩუნებს. ქართული ფეხბურთის ფლაგმანმა ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურში, მიჯრით მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.
გიორგი ნემსაძის შეგირდები სტუმრად ქობულეთის „შუქურას“ დაუპირისპირდნენ და ყოველგვარი დაძაბულობის და ზედმეტი ნერვიულობის გარეშე 2:0 იმარჯვეს.
წყვილის ფავორიტად ისედაც თბილისელები ითვლებოდნენ და მათაც გაცემული ავანსები გაამართლეს. ქობულეთელებმა პირველი ტაიმი კი გაუძლეს, მაგრამ მეორე ნახევარში ვეღარაფერს გახდნენ. ჯერ გიორგი გაბედავამ პენალტით, ხოლო შემდეგ თორნიკე ახვლედიანმა მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს.
„დინამო“ 7 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილში 16 ქულით ლიდერობს და 11 აპრილს შინ „სამტრედიას“ მიიღებენ.





